მთავარ შინაარსზე გადასვლა

ჩვენ შესახებ

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

მისია

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის (IDIT) მისია უკავშირდება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გამოწვევების და პრობლემების გადაჭრის გზით პოზიტიური ცვლილებებისა და შედეგების მიღწევას საზოგადოების სრულფასოვანი განვითარებისა და წინსვლისათვის.

ამისათვის ორგანიზაცია ისახავს შემდეგ მიზნებს:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების შესახებ ადვოკატირების გზით სამართლებრივი ბაზის შექმნა/დახვეწა;
  • მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა;
  • ადამიანის ღირსებების, უფლებების, თავისუფლებების დაცვა და მოქალაქეთა ინტერესთა ადვოკატირება.

ახალი მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი

ეს მიზნები დღესაც უცვლელია. ახლა ჩვენი ძირითადი ყურადღება ხელოვნურ ინტელექტზეა, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, როგორ შეიცვლება ახლო წლებში სახელმწიფო სერვისები, განათლება, მედია და სამოქალაქო საზოგადოება. ვმუშაობთ AI პოლიტიკაზე, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან და ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალი ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად გამოიყენონ.

ისტორია

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტექნოლოგიური განვითარების შეუქცევადმა პროცესმა საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა — დღესდღეობით რომელიმე სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების გარეშე. ამასთან, ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება გულისხმობს არამარტო გარკვეული სახის ინფრასტრუქტურის მობილიზებასა და განვითარებას, არამედ ე.წ. „ინფორმაციული საზოგადოების“ შექმნასა და ამ გლობალურ ქსელში ქვეყნის სრულფასოვნად ჩართვას, რაც, ცხადია, წარმოუდგენელია მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ძალისხმევის ხარჯზე.

სამწუხაროდ, საქართველოში ზემოხსენებული კუთხით მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა — სხვადასხვა სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვისა და გამოყენების პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ პროცესში ჩართულობა საკმაოდ დაბალია. მეტიც, არასამთავრობო სივრცეში ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ხსენებული პრობლემების მოგვარებასა და საზოგადოების ამ მიმართულებით განვითარებაზე იზრუნებდა. სწორედ ამიტომ, 2016 წლის სექტემბერში შეიქმნა ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი“ (IDIT).

დაარსებიდან დღემდე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტმა უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები არსებული ვითარების გამოსასწორებლად, თუმცა, რასაკვირველია, ძირეული ცვლილებების მოსახდენად საჭიროა კიდევ უფრო დიდი ძალისხმევის გაწევა. შესაბამისად, დღეს IDIT-ისთვის მთავარ გამოწვევას უკვე არსებული სასიკეთო ცვლილებების მასშტაბების გაზრდა და მნიშვნელოვანი აქტივობების პოზიტიური გავლენის მთელ საზოგადოებაზე გავრცელება წარმოადგენს.

ისტორია

  1. 2016

    სექტემბერში დაარსდა ა(ა)იპ „ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი“. 28 ოქტომბერს პირველმა საერთო კრებამ დაამტკიცა ორგანიზაციის წესდება.

  2. 2017

    მოვამზადეთ სარეკომენდაციო დოკუმენტი საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017–2018 წლების ეროვნული სტრატეგიისთვის, ჩავატარეთ კონფერენცია „შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში“ და Microsoft Georgia-სთან გავაფორმეთ მემორანდუმი — IDIT კოორდინაციას უწევდა Microsoft-ის Product Donations პროგრამას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

  3. 2019

    ბულინგის საწინააღმდეგო პლატფორმა StopBullying წარვადგინეთ საქართველოს მეხუთე ინტერნეტ მმართველობის ფორუმზე (GeoIGF2019).

  4. 2020

    თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS); ჩვენი ორგანიზებით საქართველოში პირველად აღინიშნა ანტი-ბულინგის დღე.

  5. 2022

    საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აღვნიშნეთ უსაფრთხო ინტერნეტის დღე.

  6. 2026

    ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება ხდება ხელოვნური ინტელექტი და ციფრული პოლიტიკა.