ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება სახელმწიფო სერვისებში, განათლებაში, მედიასა და ბიზნესში. ის ქმნის დიდ შესაძლებლობებს, მაგრამ ახალ რისკებსაც: მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს, პერსონალური მონაცემების გაჟონვას, დეზინფორმაციას. რამდენად სასარგებლო იქნება AI საქართველოსთვის, დამოკიდებულია იმაზე, რა წესებით და ვის მონაწილეობით დაინერგება.
IDIT ამ საკითხზე ისევე მუშაობს, როგორც 2017 წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაზე: ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას, ვამზადებთ რეკომენდაციებს და ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან.
რას ვაკეთებთ
- პოლიტიკის კვლევა და რეკომენდაციები. ვაანალიზებთ AI-ის რეგულირებას ევროკავშირში (AI აქტი), ევროპის საბჭოში და სხვა ქვეყნებში და ვამზადებთ პრაქტიკულ რეკომენდაციებს საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო სტრატეგიებისთვის.
- მონაწილეობა საჯარო პროცესებში. ვმონაწილეობთ საჯარო კონსულტაციებში, სამუშაო შეხვედრებსა და დისკუსიებში, სადაც ციფრული და AI პოლიტიკა განიხილება.
- AI სამოქალაქო სექტორისთვის. ვეხმარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაიგონ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია AI ინსტრუმენტებს მათი საქმიანობისთვის და როგორ გამოიყენონ ისინი მონაცემების უსაფრთხოების დაცვით.
- ცნობიერების ამაღლება. ვაქვეყნებთ მარტივ და გასაგებ მასალებს AI-ის შესაძლებლობებსა და რისკებზე ფართო საზოგადოებისთვის.
პრინციპები
- ადამიანი ცენტრში. AI სისტემა ადამიანის უფლებებს და ღირსებას უნდა იცავდეს და არა — ზღუდავდეს.
- გამჭვირვალობა. მოქალაქემ უნდა იცოდეს, როდის იღებს მის შესახებ გადაწყვეტილებას ალგორითმი და როგორ გაასაჩივროს ის.
- მიუკერძოებლობა. ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება მტკიცებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებს; ჩვენ არ ვემსახურებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას.